ნიკო კალანტაროვების ოჯახში
გარკვეული დროის შემდეგ ნიკომ დატოვა სოფელი და თბილისში გადასახლდა საცხოვრებლად. იგი კალანტაროვების ოჯახში დაბინავდა. სანახევროდ როგორც ოჯახის წევრი, სანახევროდ როგორც ხელზე მოსამსახურე ბიჭი. კირილე კალანტაროვთან ცხოვრობდა მისი სამივე და. ოჯახში პატარა, კეთილი ბიჭის გამოჩენამ ანა ზექოსიპოვაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ანამ ნიკო შვილივით შეიყვარა. თავისუფალ დროს გვერდით მოისვამდა, ასწავლიდა წერა-კითხვას და რუსულს. ნიკო, კალანტაროვების შვილების მეცადინეობასაც უგდებდა ყურს და იღრმავებდა ცოდნას, ხშირად სარგებლობდა ოჯახის ბიბლიოთეკის ჟურნალ-გაზეთებით. ოთხმოცი წლის ანა იგონებდა:”პატარა ნიკო ძალიან გონიერი ყმაწვილი იყო. მას უყვარდა წიგნების კითხვა, ხატვა. მისგან ოთახის კედლები ნახშირით ან ფანქრით იყო მოხატული, რისთვისაც მეც და ჩემი უფროსი დაც უჯავრდებოდით, მაგრამ თავისას არ იშლიდა. როდესაც ჩვენ ზაფხულობით ვიყავით კოჯორში, იქაც ხატავდა”. კალანტოროვების ოჯახში ცხოვრებისას ნიკოს პირველი სიყვარული ეწვია. ელისაბედის ოჯახში ცხოვრებისას ნიკო დიასახლისს ეხმარებოდა შვილის აღზრდაში, როგორც ოჯახის წევრი, დღენიადაგ მის გვერდით ტრიალებდა. იგი უკვე ოც წელს გადაცილებული იყო. ქალთან ყოველდღიურმა სიახლოვემ ნიკოს გული აუფორიაქა, მოსვენება დაუკარგა.ელისაბედის გერეშე ყოფნა ვერც კი წარმოედგინა. ნიკომ გადაწყვიტა სიყვარულის უსტარი მიეწერა გულის რჩეულისთვის. მან თავად გადასცა ოთხად გადაკეცილი ფურცელი საყვარელ ქალს. ელისაბედმა ნაკუწებად აქცია უსტარი და ქარს გაატანა. მდგომარეობით გაამაყებულმა ქალმა ვერ გაუგო უნაზესი სულის ადამიანს. ელისაბედმა ეს ამბავი მთელს ოჯახს მოსდო. ატყდა მითქმა-მოთქმა. თავმოყვარე ახალგაზრდამ იუკადრისა დაცინვა და გაცლა ამჯობინა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)